суббота, 8 октября 2011 г.

მე ვარ მე...ანუ ერთით ნოლი ზეცის სასარგებლოდ....


ნაცრისფერ ქალაქში სიმშვიდე სუფევდა,მუქ შენობებს ნისლისფერი თალხი მოებურათ,თითქოს ცდილობდნენ ამ ღვთისაგან დავიწყებულ მხარეს გარიდებოდნენ...შადრევნები და ბაღები გორგონას მზერას გაეყინა, ქანდაკებებიც, განსაკუთრებული ინდეფერენტულობით გადმოჰყურებდნენ ქალაქს კვარცხლბეკიდან..
ადამიანები კი უემოციო, პრიმიტიული სახეებით და ამგვარივე ლექსიკით ბჭობდნენ იმ საკითხზე,რომელმაც აგერ უკვე დიდი ხანია მძიმე ჯაფა დააყენა მათ ღრმად პატივცემულ გონებას...

______
 სასამართლო პროცესია ქალაქის მთავარ პროსპექტზე გაიწელა. ზოგი უშუალოდ მონაწილე იყო, ზოგიც სეირის საყურებლად მოსული..გამოზომილი ნაბიჯით, თითქოსდა ფარული შიშით მოარულ თითოეულ მოქალაქეს, აშკარა იყო ზღვარგადასული პედანტიზმი ახასიათებდა. იგივეს მეტყველებდა მათი ნაცრისფერი, ზუსტად ერთნაირი სამოსი, ცივი ფიზიონომია და არაფრისმთქმელი, ჩამქრალი თვალები.
ამათ შემხედვარეს შეიძლება სათვალავი აგრეოდა, რომ არა ერთი გამორჩეული დეტალი, კონკრეტული პიროვნება ამ საზოგადოების შუაგულში, რომელიც მათსავით უჩუმრად მიაბიჯებდა, თუმცა მის თვალებს და სახეს დუმილის არაფერი ეტყობოდა...
მოძრავი, ჭკვიანი თვალები არა გამოუსადეგარ პროტესტს,არამედ უბრალო, ადამიანურ დაინტერესებას და ცნობისმოყვარეობას გამოხატავდნენ. მათშივე ირეკლებოდა მისი სულიდან ამოფრქვეული ემოციების ფეიერვერკი, მოქმედი ვულკანივით რომ იკრებდა თანდათან ძალებს.
ტუჩის კუთხეს ხანდახან ღიმილი გაუპობდა..ეს არ იყო ირონია და არც დანანება..
ვის უღიმოდა??..
ალბათ საკუთარ თავს, ფიქრებს, ოცნებებს...
ოცნებაც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო..მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ მზის შუქი სხეულთან ერთად გულსაც ათბობს, რომ წელიწადის დროები ჯადოსნურ ფერთა თამაშია, რომ ღრუბლები ზოგჯერ ზღაპრებს ყვებიან და რომ ცა ჩიტებთან ერთად ადამიანთა ნავსაყუდელიცაა..
უცებ ერთი აზრი დაებადა..თუ თავის თანამოქალაქეთა ცივ თვალებს შორის თანამოაზრეს ვერ პოულობს, რა მოხდება, რომ იგი ცის კიდურზე ეძებოს???
მართლაც და ლოგიკურია... იქ რომ არავინ არ იყოს, მაშინ ვინ გააფერადებდა მტრედისფრად ალიონს ან ვინ მოუყრიდა მზის მეწამულ სხივებს თავს???

ფიქრში გართულმა ვერც შეამჩნია მის წინ პირქუშად აღმართული გილიოტინა, რომელიც უკვე მრავალი წელი დახავსებული ელოდებოდა სტუმრებს...ხალხი თითქოს-და  ჭადრაკის ფიგურების მსგავსად, თავ-თავის პოზიციებზე განლაგდა, ყველა ელოდა დასასრულს..
რისთვის???
ალბათ საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად....მაგრამ ჰქონდათ კი??? ვინ იცის....
ის კი, სასიამოვნო ფორიაქით შეპყრობილი, სულაც არაფრად დაგიდევდათ მატერიალურიდან ირეალურ სუბსტანციად ქცევის პერსპექტივას. მისი გონება მზარდი აღფრთოვანებით იყო მოცული მოსალოდნელი ცვლილებების გამო.
-თუ შეიძლება დაუჩქარეთ, მელოდებიან..!!....მოუთმენლად გადაულაპარაკა გვერდით მდგომს..რომელსაც, რომ არა პიროვნული სიცარიელე, ალბათ სულ მცირე, გაკვირვება მაინც გამოეხატებოდა სახეზე...
ცივი ლითონის ხმამ გაკვეთა ჰაერი და სამუდამოდ გაავლო ზღვარი ნამდვილ ადამიანებსა და მათ მსგავსებს შორის..უკანასკნელი შვილიც დაუბრუნდა ზეცას და კვლავაც განაგრძო მონოტონური არსებობა დედამიწამ, სახეზე შეყინული ამაოების ღიმილით..

                                                                                  სიყვარულით: NiiiNuca <3

Комментариев нет:

Отправить комментарий